თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo ˙·٠•● WWW. ZOO. GE ●•٠·˙

თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები – დიდებული თეთრი ლომები, ულამაზესი მოხატულობის წინააზიური ჯიქები, აზიური სპილოები, თეთრი მარტორქა, ჰიპოპოტამი და სხვა.

მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველების კოლექციაც – ამაყი მტაცებლები, სხვად

ასხვა სახეობის ხოხბები და ჭრელა-ჭრულა თუთიყუშები, თავმომწონე ფარშავანგები.

ეგზოტარიუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები.

სულ თბილისის ზოოპარკში თავმოყრილია 200-მდე სახეობის 1500-მდე ცხოველი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი, ბუნებაში მცირე რაოდენობით შემორჩენილი სახეობები.

ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმეების ჩათვლით.

სამუშაო საათები:

• 1 მარტიდან 1 ივნისამდე: 10:00-დან 20:00 საათამდე;
• 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე: 10:00-დან 21:00 საათამდე;
• 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე: 10:00-დან 20:00 საათამდე;
• 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე: 10:00-დან 19:00 საათამდე.


ბილეთების გაყიდვა წყდება ზოოპარკის დაკეტვამდე 1 საათით ადრე.

შემოსვლის საფასური:

3 წლამდე – უფასო.
3-დან 12 წლამდე – 2 ლარი.
12 წლიდან ზემოთ – 4 ლარი.

ეგზოტარიუმში შესვლის საფასური:

3 წლამდე – უფასო.
3-დან 12 წლამდე – 1 ლარი.
12 წლიდან ზემოთ – 2 ლარი.

სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ელექტრონულად.

ბილეთების ონლაინ შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს:

https://www.tkt.ge/event/267704/tbilisis-zooparki

ზოოპარკში ქცევის წესები:

ჩვენი მარტივი წესები დაგეხმარებათ საინტერესოდ, სასიამოვნოდ და უსაფრთხოდ გაატაროთ დრო ზოოპარკში!

ზოოპარკში აკრძალულია:

• ვოლიერების დამცავ ბარიერებზე გადასვლა;
• ვოლიერებთან მიახლოება;
• ვოლიერებში საგნების სროლა, შუშებზე კაკუნი;
• ცხოველების შეწუხება და გაღიზიანება;
• ცხოველების გამოკვება;
• თანამშრომელთა სამუშაო სივრცეში შესვლა;
• ტერიტორიის დანაგვიანება;
• მოწევა;
• ველოსიპედით, გორგოლაჭებით, სკეიტბორდით, სკუტერითა და ჰოვერბორდით გადაადგილება;
• შინაური ცხოველების შემოყვანა;
• ალკოჰოლური სასმელების მიღება და არაფხიზელ მდგომარეობაში შემოსვლა;
• ნებისმიერი სახის იარაღით შემოსვლა;
• პიროტექნიკისა და აალებადი ნივთიერებების შემოტანა;
• სარეკლამო მასალების უნებართვოდ გავრცელება;
• უნებართვო კომერციული ფოტო და ვიდეოგადაღება.

ზოოპარკი უფლებამოსილია, წესების დამრღვევს დაატოვებინოს ტერიტორია, ან გამოიძახოს პოლიცია.

ზოოპარკი არ არის პასუხისმგებელი დამთვალიერებლის მხრიდან წესების დარღვევით გამოწვეულ შედეგებზე.

ზოოპარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეოკონტროლი.

🦁 ესეც ასე. სამი კვირა გავიდა უკვე, რაც ლომის ბოკვერი ზოოპარკში გვყავს. ამასობაში უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა და ბე...
23/01/2025

🦁 ესეც ასე. სამი კვირა გავიდა უკვე, რაც ლომის ბოკვერი ზოოპარკში გვყავს. ამასობაში უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა და ბევრი კითხვაც დაგროვდა, ამიტომ ვეცდებით, ერთ პოსტში მოვუყაროთ თავი ყველა პასუხს და ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. პოსტი კი არა, ფაქტობრივად, კარგა მოზრდილი სტატიაა, მაგრამ თუ ნამდვილად გაინტერესებთ პასუხი ყველა კითხვაზე და ნამდვილად გადარდებთ ბოკვრის ბედი, აუცილებლად წაიკითხავთ.

🔴 პირველი და ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელიც ბოლოს დადებულ ფოტოს მოჰყვა:

❓ რატომ წევს ბოკვერი მაგიდაზე?

საქმე ის გახლავთ, რომ ბოკვერმა თავად გადაწყვიტა მაგიდაზე დაძინება. როგორც იცით, ამჟამად დირექტორის კაბინეტში ცხოვრობს და ხან სავარძელზე წევს, ხან მაგიდაზე, ხან ვეტექიმზე, ხან დივანზე და ხანაც – მდივანზე. ბოკვერი დაბმული არაა, თავისუფლად მოძრაობს მთელ სართულზე და შედის იქ, სადაც გაუხარდება, რაც მისი კვლევითი ქცევის განვითარებას უწყობს ხელს. აქ მთავარი ის კი არ არის, მაგიდაზე რატომ წევს, არამედ ის, თუ საერთოდ რატომაა ადმინისტრაციულ შენობაში.

❓ რატომ ცხოვრობს ბოკვერი ადმინისტრაციულ შენობაში?

1️⃣ ზოოპარკის „ბაგა-ბაღის“ სივრცის არარსებობა:

მოგეხსენებათ, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს. აქვე იკითხავთ, რით ვეღარ დასრულდაო და მართალნიც იქნებით. ვერ დამთავრდა მარტივი მიზეზის გამო – ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასასრულებლად საჭირო თანხა არ გვაქვს. ჩვენი ბიუჯეტით არსებული ზოოპარკის შენახვას ვახერხებთ, მაგრამ ახლის გახსნას – ვერა.

2023 წელს ახალ ზოოპარკში აშენდა ზამთრის რამდენიმე ვოლიერი და ვეტკლინიკა, მათ შორის დახურული შენობა დიდი კატებისთვის, რომელიც ცხოველებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ კომპონენტს მოიცავს, კერძოდ, გათვალისწინებულია საიზოლაციო და საკარანტინო სივრცეები, სამედიცინო ოთახები და სხვა. უსახსრობის გამო ამ შენობების დამთავრებას და გარე ვოლიერების მოწესრიგებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც იძულებულნი ვხდებით, შეფარებული ცხოველები ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე, მათ შორის, ეგზოტარიუმსა და ადმინისტრაციულ შენობაში შევიკედლოთ და პერიოდულად ადამიანების სამუშაო სივრცეები ცხოველების ინტენსიური თერაპიის კაბინეტებად გადავაკეთოთ, რაც, რაღა დაგიმალოთ და, არც ისე მოსახერხებელია. უბრალოდ სხვა გზა არაა.

2️⃣ 24-საათიანი ზედამხედველობა:

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ბოკვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მაინც ესაჭიროება 24-საათიანი ზედამხედველობა. შეგახსენებთ, რომ ზოოპარკში შემოყვანისას ბოკვერს არაერთი პრობლემა ჰქონდა. შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე მას დაუდასტურდა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, პნევმონია, კუნთების დისტროფია, ზრდაში ჩამორჩენა, რაქიტი და ა.შ. ჩვენი ვეტექიმების ძალისხმევის შედეგად მისი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანა შევძელით, მაგრამ ლომს დღემდე უტარდება მედიკამენტური მკურნალობა და რისკებისგან თავის დასაზღვევად ფაქტობრივად არც ერთი წუთი არ რჩება მარტო. არც დღისით და არც ღამით.

❓ აქვე შემხვედრი კითხვა წამოვა, მაშინ ვეტკლინიკაში რატომ არააო?

ვეტექიმების ოთახში სამედიცინო მომსახურებას ზოოპარკის სხვა ცხოველებს უწევენ. იქ ბოკვერს ვერ გავაჩერებთ.

3️⃣ ქცევის სპეციალისტის მეთვალყურეობა:

ვეტექიმის მეთვალყურეობისა და მედიკამენტური მკურნალობის გარდა ბოკვერს მუდმივად ესაჭიროება ქცევის სპეციალისტის დაკვირვება. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები ცხოველის ქცევას 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან, რათა საგანგაშო ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში ვეტექიმს აცნობონ და სათანადო რეაგირება მოახდინონ. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, დაახლოებით ისეა, როგორც საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში: პაციენტის ზოგად მდგომარეობას მთავარი ექიმი აკონტროლებს, მაგრამ მუდმივ ზედამხედველობას მედდები უზრუნველყოფენ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოოპარკის დირექტორი გახლავთ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ცხოველთა ქცევისა და ეკოლოგიის სპეციალისტი და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN/SSC) წევრი. ცხოველთა ქცევის შესწავლა მისი პროფესიაა და უკეთეს ეთოლოგს (ცხოველთა ქცევის სპეციალისტი) ბოკვერზე დასაკვირვებლად ვერც ვიპოვიდით.

4️⃣ კვება:

ბოკვერს კვების მკაცრი რეჟიმი აქვს: მას სამ საათში ერთხელ ვკვებავთ. ამჟამად კატებისთვის განკუთვნილ სპეციალურ რძეს მიირთმევს და უკვე ხორცისა და ღვიძლის ფარშიც დავუმატეთ. ჭამის შემდეგ პერიოდულად მუცლის მასაჟი ესაჭიროება (გაზების გამოსათავისუფლებლად). როდესაც ბოკვერი დედასთან იზრდება, კვების შემდეგ დედა მუცელს ულოკავს და ამგვარად პერისტალტიკის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში დედის ჩანაცვლება ჩვენ გვიწევს.

❓ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რატომ არ შეიძლება ბოკვრის სხვა გარეულ ცხოველებთან მოთავსება?

ამჟამად ზოოპარკში არ გვყავს ისეთი გარეული ცხოველი, რომელთანაც ლომის ბოკვერი უსაფრთხოდ შეძლებდა თანაცხოვრებას. კონკრეტულად ლომებს რაც შეეხება, გვყავს 7 ზრდასრული თეთრი ლომი: დედა, მამა და მათი ნაშიერები. ზოგადად, ლომების პრაიდში (ოჯახში) ნებისმიერი ახალი ლომის შესვლა დიდი პრობლემაა, მით უფრო, თუ ეს ახალი – უცხო ბოკვერია. მათთან ამ ბოკვრის შეშვება ტრაგიკულად დასრულდება. მომენტალურად.

❓ და რას ვაკეთებთ ასეთ შემთხვევაში?

5️⃣ სოციალიზაცია:

ლომი სოციალური ცხოველია და მისთვის სოციალური ურთიერთობები აუცილებელია. მარტოობაში გაზრდილ სოციალურ ცხოველებს სოციალურ იზოლიანტებს უწოდებენ. იზოლაცია მერე და მერე საკმაოდ პრობლემურად ვლინდება – ცხოველს ნევროზის სხვადასხვა ფორმა და სტერეოტიპული ქცევა უყალიბდება. ასეთ შემთხვევებში საუკეთესო გამოსავალი სხვა სახეობის ცხოველებთან თანაცხოვრებაა, მაგრამ თუ მსგავსი პრაქტიკის განხორციელება შეუძლებელია (როგორც, მაგალითად, ჩვენი ბოკვრის შემთხვევაში), შეიძლება სუროგატების გამოყენება.

ბოკვრის სუროგატებად ამჟამად ჩვენი ძაღლები, დირექტორის კაბინეტში დასაქმებული ბიმბო და ლომის აღზრდაში გამოცდილი კარაკულა, გვევლინებიან. გახსოვთ ალბათ ჩვენი კარაკულა, რომელიც შუმბასთან ერთად იზრდებოდა. მართალია კარაკულამ ბრძანა, უკვე დავბერდი და ლომების ნერვები აღარ მაქვსო, მაგრამ მაინც ახერხებს ბოკვერთან გარკვეულ კომუნიკაციას.

გარდა ამისა, ლომის სოციალიზაციაში მონაწილეობენ ჩვენი ცხოველთა ქცევის სპეციალისტები. ისინი ბოკვერს თამაშში ჰყვებიან და, გარკვეულწილად, ანაცვლებენ მისთვის საჭირო სოციალურ ურთიერთობებს. ადრეც აღვნიშნეთ, რომ ცხოველი და, მით უმეტეს, გარეული ცხოველი, სათამაშო არ არის და ის ჩვენს თავშესაქცევად არ უნდა ვაქციოთ. ჩვენი ბოკვრის შემთხვევაში ჩვენ, ადამიანები, ზოოპარკის თანამშრომლები, ვართ მისი სათამაშოები. ლომი პატარაა და მისთვის, როგორც ყველა პატარისთვის, თამაში აუცილებელია. თამაშის ელემენტები მისი განვითარებისა და სრულყოფილი ქცევის ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს. ლომს თამაში არ უნდა შეეზღუდოს და, ამასთან, ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს ცხოველების ქცევის მცოდნე სპეციალისტი, რომელიც ცხოველის ინტერესებსაც გაითვალისწინებს და უსაფრთხოების ნორმებსაც დაიცავს. ჩვენი ბოკვერი, ასაკისა და სისაყვარლის მიუხედავად, უკვე საკმაოდ გემრიელად იკაწრება და იკბინება.

❓ კი მაგრამ, სულ ოთახში ზის?

ცხადია, არა. დღეში რამდენჯერმე ვასეირნებთ ეზოში. გაგვყავს მზის გულზე და იქაც ვაძლევთ სირბილისა და თავის შექცევის შესაძლებლობას.

❗️ გაუშვით, დააბრუნეთ ბუნებაში!

გარეული ცხოველის რეინტროდუქცია (ბუნებაში დაბრუნება) ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია ბიოლოგიაში. ზოგადად, ტყვეობაში, ადამიანების გვერდით გაზრდილი გარეული ცხოველის და, მით უმეტეს, მტაცებლის ბუნებაში დაბრუნება პრობლემური საკითხია. მან არ იცის დამოუკიდებლად საკვების მოპოვება (რადგან ნადირობის ადრეული გამოცდილება არ ჰქონია), თავის გადარჩენა და ადამიანისგან განრიდება. მისთვის ადამიანი ჩვეული სოციალური გარემოს ნაწილია. ის ადამიანს არ აღიქვამს, როგორც მტერს.

კონკრეტულად ლომს რაც შეეხება, ლომების მსოფლიო პოპულაცია კატასტროფულ მდგომარეობაში არ არის, ამიტომ მათ შემთხვევაში ძირითადად არა რეინტროდუქციას, არამედ კონსერვაციულ ტრანსლოკაციას, ანუ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანას, მიმართავენ. გაუგებარი, რთული სიტყვების რახარუხი რომ არ გამოგვივიდეს, ადვილად ავხსნით: თუ სახეობას გადაშენების საფრთხე ემუქრება, მეცნიერებს უღირთ მრავალწლიანი წვალება და ტყვეობაში გაზრდილი ინდივიდების ქცევის მოდიფიკაცია იმისთვის, რომ ცხოველებმა ველურ ბუნებაში დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ. აქაც არსებობს რისკი, რომ ისინი ბუნებაში ვერ გადარჩნენ, მაგრამ როცა სახეობა კრიტიკულ საფრთხეშია, ჩიტი ბრდღვნად ღირს. ლომი არ არის კრიტიკულ საფრთხეში, ამიტომ ამ სარისკო და საწვალებელ საქმიანობას იშვიათად მიმართავენ და ტყვეობაში დაბადებული ლომები, ძირითადად, ადამიანის მიერ კონტროლებად შემოსაზღვრულ სივრცეში რჩებიან.

❓ გვაქვს თუ არა კონტაქტი უცხოელ სპეციალისტებთან?

ბოკვრის მდგომარეობის მართვაში გვეხმარება ლაიფციგის ზოოპარკის ყოფილი მთავარი ვეტექიმი, ლომების კონსერვაციის სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა მსოფლიოში, კლაუს ოლენბერგერი. გვაქვს კონსულტაციები „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ სპეციალისტებთან, მათ შორის ლომთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზეც. ვეკონტაქტებით ვეტექიმებს სამხრეთ აფრიკაში.

დავიკვეხნით და იმასაც გეტყვით, რომ არც ჩვენ ვართ ხელწამოსაკრავები. არაერთი ხელით გამოზრდილი ბოკვერი მიგვიყვანია ჯანმრთელ ზრდასრულობამდე. და არა მარტო ბოკვერი.

❓ სად იცხოვრებს ლომის ბოკვერი, როცა წამოიზრდება?

იცხოვრებს თბილისის ახალ ზოოპარკში, სადაც უკვე დავიწყეთ კონკრეტულად მისთვის შესაფერისი სივრცის კეთილმოწყობა. კი, არ იყო დაგეგმილი. კი, გაგვიჭირდება. კი, მოგვიწევს რესურსების გადანაწილება, მაგრამ ამ სიტუაციაში სხვა გზა არ გვაქვს, რადგან სულ რამდენიმე თვეში ლომი სხვა სივრცეში იქნება დასაბინავებელი. თუ რომელიმე კომპანიას ან ფიზიკურ პირს ფინანსური დახმარების სურვილი ექნება, მხოლოდ გაგვიხარდება. ზოოპარკში გვაქვს ცხოველების მეურვეობის პროგრამაც და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა ჩვენი ბინადრების კეთილდღეობაში.

🔴 ჯამი:

✅ ამჟამად ლომის ბოკვერი პროფესიონალების ხელშია და იზრდება ისე, როგორც მისი კეთილდღეობისთვისაა აუცილებელი.

✅ მომავალშიც მისი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ.

✅ არაფერია დასაძრახი ან საგანგაშო იმაში, რომ საზოგადოებას ბევრი კითხვა (და, ამავდროულად, ეჭვიც) გაუჩნდეს. ყველა ყველა დარგის სპეციალისტი ვერ იქნება. თუ რაიმე კითხვა გექნებათ ან ინფორმაციის დაზუსტება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ გვესტუმროთ, გაგვესაუბროთ, ნახოთ, გადაამოწმოთ, დაგვირეკოთ, მოგვწეროთ. არც პასუხებს დაგზარდებით და არც ახსნა-განმარტებებს დავიშურებთ.

🐾 ბოლოს და ბოლოს, თანამედროვე მსოფლიოში ზოოპარკების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საგანმანათლებლო საქმიანობაა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.

🦁❤️

🦁 ზოოპარკის დირექტორის სამუშაო მაგიდა 😁
17/01/2025

🦁 ზოოპარკის დირექტორის სამუშაო მაგიდა 😁

👇 ლომის ბოკვრის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად:❓ როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში?26 დეკემბერს, დილით ლ...
27/12/2024

👇 ლომის ბოკვრის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად:

❓ როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში?

26 დეკემბერს, დილით ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკში ლომის ბოკვერი მოიყვანა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით ზოოპარკს გადმოსცა.

❓ როგორ გრძნობს თავს ბოკვერი?

ზოოპარკის ვეტექიმების შეფასებით ცხოველს კუნთოვანი მასის განვითარების შეფერხებისა და რაქიტის ნიშნები აქვს. გარდა ამისა, აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ეს ყველაფერი დედისგან მოშორებისა და ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შედეგია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ცხოველი, იქნება ის საზღვარზე თუ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამორთმეული, ზოოპარკში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით შემოდის და, ფაქტობრივად, ყოველ მათგანს რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება.

მოყვანიდან რამდენიმე საათში ბოკვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. საჭირო გახდა ინტენსიური ჩარევა და ჩვენი ვეტექიმების რამდენიმესაათიანი ძალისხმევის შედეგად ცხოველის მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდა. ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ გარკვეულ მკურნალობას მაინც საჭიროებს და, შესაბამისად, ვეტექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

❓ აქვს თუ არა თბილისის ზოოპარკს ცხოველის ჩამორთმევის უფლება?

თბილისის ზოოპარკი პასუხისმგებელია ზოოპარკის ბინადარ ცხოველებზე. ჩვენი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ, კერძო პირის ან კომპანიის საკუთრებაში მყოფ ცხოველებზე ჩვენი უფლებამოსილება არ ვრცელდება. ზოოპარკს არ აქვს ცხოველების კონფისკაციის უფლება. ცხოველების კონტროლი და კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის სფეროა. ცხოველის საზღვარზე გადმოყვანას საბაჟო სამსახური აკონტროლებს.

სახელმწიფო უწყებების მიერ გარეული ცხოველების ჩამორთმევის შემდეგ ეს ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დაცვით, დროებით შენახვაზე გადმოჰყავთ თბილისის ზოოპარკში. სათანადო დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს ან შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე ცხოველი ზოოპარკში რჩება.

❓ რამდენად ხშირად მოჰყავთ ზოოპარკში ჩამორთმეული ცხოველები?

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის ზოოპარკში ამ გზით მოხვდა 5 დათვი, 2 მაკაკა, წავი, თუთიყუშები და მტაცებელი ფრინველები. ზემოთ ჩამოთვლილი, კერძო პირების ხელში უკანონოდ მყოფი ცხოველები, ზოოპარკში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე მოიყვანა.

❓ გვჭირდებოდა თუ არა ზოოპარკში ახალი ლომი?

თბილისის ზოოპარკში შემუშავებულია კოლექციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, რა სახეობის ცხოველი უნდა გვყავდეს, რისთვის და რამდენი. ჩამორთმეული ცხოველები ზოოპარკისთვის ყოველთვის დიდი პრობლემაა და ამგვარი „სიურპრიზები“ დამატებით სირთულეებს გვიქმნის, რადგან წინასწარ არ ვიცით, რა სახეობა იქნება, რა ასაკის, რა სქესის და ა.შ. მაგალითად, ახლა საერთოდ არ ვიყავით მზად ლომის მისაღებად. ამგვარ შემთხვევებში არ გვაქვს წინასწარ მომზადების საშუალება (იგულისხმება შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და კეთილმოწყობა, კვება, სამკურნალო პრეპარატები და ა.შ.), გამოუვალ სიტუაციაში ვვარდებით და იძულებულნი ვხდებით, მივიღოთ ცხოველი, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს სხვა ინსტიტუცია, სადაც მისი დატოვება იქნება შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცხოველები განწირულები არიან და მათი მომავალი გაურკვეველია.

❗️ და, ბოლოს...

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხოველი არ არის სათამაშო. მაშინაც კი, როცა ოჯახი ძაღლის, კატის, თუთიყუშის ან ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველის აყვანას გეგმავს, გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ფაქტორი: ის, რომ ცხოველს სჭირდება მისთვის შესაბამისი გარემო, კვება, ვეტმომსახურება, ყურადღება და სხვადასხვა აქტივობა. გვაქვს კი ამ ყველაფრის უზრუნველყოფის საშუალება? ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახი ვეღარ უვლის ცხოველს და უწევს მისი გაჩუქება ან, უარეს შემთხვევაში, ქუჩაში გაშვება.

გარეულ ცხოველებზე აღარაფერს ვამბობთ...

‼️ ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია.

❤️ 🐻 ჩვენი შეფარებული დათვები შვეიცარიაში გავამგზავრეთ! უფრო ვრცელ ისტორიას ამ შესანიშნავი ამბის შესახებ მალე შემოგთავაზ...
08/11/2024

❤️ 🐻 ჩვენი შეფარებული დათვები შვეიცარიაში გავამგზავრეთ!

უფრო ვრცელ ისტორიას ამ შესანიშნავი ამბის შესახებ მალე შემოგთავაზებთ!

https://www.facebook.com/share/p/1PCPWmUnwQ/

🥰 ძილის წინ მუცლის ამოვსების მოყვარულთა ასოციაციის პრეზიდენტმა შემოგითვალათ, ადამიანების არ ვიცი და მარტო წავი ჭამაშიაც ...
25/09/2024

🥰 ძილის წინ მუცლის ამოვსების მოყვარულთა ასოციაციის პრეზიდენტმა შემოგითვალათ, ადამიანების არ ვიცი და მარტო წავი ჭამაშიაც ყოჩაღიაო 👌

🥰 ამ ზაფხულს სამეგრელოში, სოფელ თაიაში ნაპოვნი ციცქნა წავი რომ მოგვიყვანეს ხომ გახსოვთ?კი ეძახდა ყველა თაიას, მაგრამ ბიჭ...
20/09/2024

🥰 ამ ზაფხულს სამეგრელოში, სოფელ თაიაში ნაპოვნი ციცქნა წავი რომ მოგვიყვანეს ხომ გახსოვთ?

კი ეძახდა ყველა თაიას, მაგრამ ბიჭი აღმოჩნდა და რადგანაც ინგლისურად წავს Otter ჰქვია, ჩვენებმა ოთო დაარქვეს. მეგრული ფესვები რომ არ დაეკარგა სახელი გვარად გადავუკეთეთ და მას შემდეგ ოთარ თაია გახდა.

ჰოდა, ეს ჩვენი ოთო თაია საშემოდგომოდ უკვე კარგად მოღიპული წავი დადგა. რა ქნას, ჭამა უყვარს ძალიან. მენიუც დიდებული აქვს – ნაირგვარი თევზი, მიდიები, კრევეტები, ქათმის ხორცი, კვერცხი, ხაჭო... თევზს, ჩემო ბატონო, ახლად დაჭერილს ამჯობინებს. სათევზაოდ თუ მიდის ვინმე, აუცილებლად მოაქვს მისთვის ნადავლი.

ღიპის ზომის მიუხედავად, ისევ ბავშვია. ასაკითაც, ქცევითაც. უამრავი სათამაშო აქვს და კოტრიალობს, დარბის, ყირაზე გადადის მთელი დღე. ერთი რბილი დათვი ამოიჩემა. ცელქობით რომ იქანცება იმას ეხუტება და მასთან/მასზე/მის გვერდით/მის ქვეშ იძინებს.

ბევრი რამ გვაქვს კიდევ მოსაყოლი. ისიც უნდა გაჩვენოთ, საბანაოდ როგორ დაგვყავს, ნადირობას როგორ ვასწავლით, მერე როგორ ვამშრალებთ და – „ამოდიიიი ჭამე და ისევ ჩადი“ – სახლისკენ მივერეკებით, მაგრამ დღეს აქ დავასრულებთ. ბევრი კითხვა არ ეხალისება, მოგეხსენებათ, ხალხს და... დანარჩენი შემდეგზე იყოს.

⚠️ თბილისის ზოოპარკის საკვირაო ზოოსკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას საშემოდგომო კურსზე!🟢 მეცადინეობებზე მოსწავლეები:✔️ მ...
11/09/2024

⚠️ თბილისის ზოოპარკის საკვირაო ზოოსკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას საშემოდგომო კურსზე!

🟢 მეცადინეობებზე მოსწავლეები:

✔️ მიიღებენ ინფორმაციას ცხოველთა მრავალფეროვან სამყაროზე, მათ ქცევასა და როლზე ეკოსისტემაში, საბინადრო არეალებზე, ურთიერთდამოკიდებულებაზე სხვა ცოცხალ არსებებთან და სხვა;
✔️ მომვლელებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ზოოპარკის ბინადარი ცხოველების ყოველდღიურ ცხოვრებაში: კვება, დასუფთავება, გარემოს გამდიდრება; მოისმენენ ისტორიებს მათ შესახებ;
✔️ გაეცნობიან ბუნებაში ქცევისა და უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს;
✔️ გაითავისებენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას ადამიანების კეთილდღეობისთვის.

გაკვეთილები ინტერაქციული ხასიათისაა და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

🟡 დასაწყისი: 5-6 ოქტომბერი.
🟡 კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე – ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი (12 გაკვეთილი).
🟡 მოსწავლეთა ასაკი: 5-დან 16 წლამდე.
🟡 გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთიდან 2 საათამდე ასაკის მიხედვით.
🟡 მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში: 15

🟢 მეცადინეობების განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

✔️ 5-7-წლიანთა ჯგუფი: კვირა, 13:00 სთ;
✔️ 8-11-წლიანთა ჯგუფი: კვირა, 11:00 სთ;
✔️ 12-16-წლიანთა ჯგუფი: შაბათი, 11:00 სთ.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს როგორც ტელეფონით, ისე ელექტრონულად 15-დან 30 სექტემბრამდე, 12:00-დან 15:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

🟢 საკონტაქტო ინფორმაცია:

✔️ 5-11-წლიანთა ასაკობრივი ჯგუფისთვის: 599 163315
✔️ 12-16-წლიანთა ასაკობრივი ჯგუფისთვის: 595 906790
✔️ ელფოსტა: [email protected]

🟢 გადახდის პირობები:

წინასწარი გადახდა გადარიცხვით.
სოციალურად დაუცველ და შშმ პირებს შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში ვემსახურებით უფასოდ.

🔴 ღირებულება:

✔️ 12 წლამდე: 40 ლარი (1 თვე);
✔️ 12 წლიდან ზემოთ: 50 ლარი (1 თვე).

💚 გელით მოუთმენლად!

22/06/2024

🦛 ამასობაში ჩვენმა გარემარბმა ბეგიმ ისეთი ცხვირბურთი ისწავლა, თუ დაარტყა, პირდაპირ ჩეხეთში გააფრენს. ჯერ მეცადინეობს. საღამოს გააფრენს.

გარემარბი რატომაა? რაც მაგან გარე-გარე, მოედანზე ირბინა...

18/06/2024

🦛 ბეგიმ კბილებიც გაიხეხა, პირიც დაიბანა და ტანიც. და თქვენ რას შვრებით? 💦

📢 ესეც ასე! დასრულდა თბილისის ზოოპარკის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“. წლევანდელ თემა...
17/06/2024

📢 ესეც ასე! დასრულდა თბილისის ზოოპარკის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“. წლევანდელ თემას – „ჩემი ეკოსისტემა“ – ბავშვები საოცარი გულისყურით მოეკიდნენ და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

კონფერენციის ჟიურიმ შვიდი გამარჯვებული გამოავლინა:

1. ბარბარე ქურასბედიანი, ქ. რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის N 2 საჯარო სკოლა, V კლასი;
2. ანდრია შოთნიაშვილი, წეროვანის N 2 საჯარო სკოლა, V კლასი;
3. გია ჯიოშვილი, ქ. თბილისის N 128-ე საჯარო სკოლა, VI კლასი;
4. ნუცა არდაზიანი, ქ. მცხეთის N 1 საჯარო სკოლა, VI კლასი;
5. ანი სარაშვილი, ქ. თბილისის N 122-ე საჯარო სკოლა, IX კლასი;
6. ანანო ზარქუა, ქ. თბილისის N 212-ე საჯარო სკოლა, X კლასი;
7. ელენე ქოიავა, ქ. თბილისის N 122-ე საჯარო სკოლა, IX კლასი.

🐾 გამარჯვებულები თბილისის ზოოპარკმა კარვებით, საძილე ტომრებით, ზურგჩანთებითა და სხვა სუვენირებით დააჯილდოვა.

📖 გამომცემლობა „დიოგენემ“ ბავშვებს იასონ ბადრიძის წიგნები – „ამბავი მგლისა და კაცისა“ – გადასცა ავტორის ხელმოწერით.

📚 „ბიბლუსმა“ გამარჯვებულები არაჩვეულებრივი წიგნებით დაასაჩუქრა.

❤️ მოსწავლეებს ახალგაზრდა მეცნიერის, ანი ზაალიშვილის სახელობის სამახსოვრო საჩუქრები – სამეცნიერო ლიტერატურა, ბლოკნოტები და ჩანთები – გადაეცათ.

🙏 უღრმესი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს შესანიშნავი საჩუქრებისთვის!

გამომცემლობა „დიოგენე“ • Diogene Publishers
Biblusi • ბიბლუსი

💚 დიდ მადლობას ვუხდით კონფერენციის თითოეულ მონაწილეს – მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს.

🎉 და, რაც მთავარია, ვულოცავთ გამარჯვებულებს!

ამასობაში 9 წელიც გასულა.ბატონ ზურაბს კი იცნობს ყველა, მაგრამ ხელში რომ უჭირავს, ის თუ გახსოვთ, ვინაა?დიახ, დიახ. ქალბატ...
13/06/2024

ამასობაში 9 წელიც გასულა.

ბატონ ზურაბს კი იცნობს ყველა, მაგრამ ხელში რომ უჭირავს, ის თუ გახსოვთ, ვინაა?

დიახ, დიახ. ქალბატონი კარაკულა. პუდელი, რომელიც თეთრ ლომ შუმბასთან ერთად იზრდებოდა 9 წლის წინანდელ იმ ღამემდე.

კარაკულას ცხოვრებაზე წიგნს დაწერდა კარგი მეზღაპრე. ისეთი თავგადასავლები გადახდა, ყველაზე მდიდარი ფანტაზიის მქონე მწერალიც რომ ვერ წარმოიდგენდა.

თავიდანვე უცნაური ბედი არგუნა ძაღლურმა განგებამ. ჯერ იყო და ლომთან ერთად დადიოდა ბაღში, შემდეგ – სკოლაში. იმ საშინელ ღამეს, ცამ რომ კოპები შეყარა და დედამიწამ გრგვინვა დაიწყო, სკოლაც დაენგრა და საყვარელი მეგობარიც დაეღუპა. თვითონ წარღვნას შემთხვევით გადაურჩა – რაღაცნაირად მოახერხა და ჩაძირული მანქანის სახურავზე აფორთხდა. იქიდან ჩამოხსნეს დილას ჩვენებმა, გალუმპული და ამოსარსლული.

შემდეგ ზოოპარკის დირექტორის მდივნად დაინიშნა და 9 წელია შესანიშნავად ართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო მოვალეობას. უამრავ საქმეს აკეთებს, მთელი დღე ციბრუტივით ტრიალებს, რომ ზოოპარკში მისი ნებართვის გარეშე ბუმბული არავის აუთრთოლდეს და ბეწვი არავის ჩამოვარდეს.

ამ 9 წლის განმავლობაში სამჯერ გათხოვდა და გამოთხოვდა, ბალღებიც ეყოლა და სულ კაი-კაი ოჯახებში დააბინავა; სამჯერ გაიქცა სახლიდან და სამჯერვე დაბრუნდა უკან; სამჯერ გადავარდა ფანჯრიდან და სამჯერვე გაცოცხლდა კოჭლობა-კოჭლობით. ამასობაში ბალზაკის ასაკისაც მოიყარა, ჭაღარაც შემოერია, მაგრამ, სხვა მხრივ, ისევ ის გოგოა, ხუჭუჭა, პატარა.

რა გამოვიდა ახლა ეს? ძაღლზე ამდენი ვწერეთ და ზოოპარკის დირექტორზე სიტყვაც არ გვითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც იქ იყო იმ შავ ღამეს, ისიც ძლივს გადარჩა და მასაც შემოერია ამასობაში ჭაღარა. არაფერია. არ ეწყინება.

დღეს 13 ივნისია.

💔

02/06/2024

🦌 თბილისის ახალი ზოოპარკის ახალი ბინადრები

💬 „ყველა კარგი ზოოპარკის ვალდებულებაა, რომ იზრუნოს ცხოველთა სხვადასხვა სახეობის აღდგენაზე“

📍 სტუმარი:
მზია შარაშიძე - თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

⚠️ კონფერენციის „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ მონაწილეთა საყურადღებოდ!❤️ შეგახსენებთ, რომ კონფერენციაში გამარჯვებულთა დ...
31/05/2024

⚠️ კონფერენციის „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ მონაწილეთა საყურადღებოდ!

❤️ შეგახსენებთ, რომ კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ხვალ, 1 ივნისს, 14:00 საათზე თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში.

💚 მოუთმენლად გელით 💚

⚠️ კონფერენციის „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ მონაწილეთა საყურადღებოდ!👇 II ტურში გადასულ მოსწავლეთა სია:1. ბარბარე ქურა...
20/05/2024

⚠️ კონფერენციის „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ მონაწილეთა საყურადღებოდ!

👇 II ტურში გადასულ მოსწავლეთა სია:

1. ბარბარე ქურასბედიანი, ქ. რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის N 2 საჯარო სკოლა, V კლასი;
2. ანდრია შოთნიაშვილი, წეროვანის N 2 საჯარო სკოლა, V კლასი;
3. ნიკოლოზ პატაშური, ქ. მცხეთის N 1 საჯარო სკოლა, V კლასი;
4. დავით ბულეიშვილი, ქ. თბილისის N 102 საჯარო სკოლა, VI კლასი;
5. გია ჯიოშვილი, ქ. თბილისის N 128-ე საჯარო სკოლა, VI კლასი;
6. ნუცა არდაზიანი, ქ. მცხეთის N 1 საჯარო სკოლა, VI კლასი;
7. გიორგი ჭულუხაძე, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლა, VI კლასი;
8. ბარბარე მირზიაშვილი, წეროვანის N 2 საჯარო სკოლა, VI კლასი;
9. ნია გოგუა, ანდრია სიხარულიშვილი, დავით კანკია, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“, VI კლასი;
10. თორნიკე გიგნაძე, ქ. თბილისის N 122-ე საჯარო სკოლა, VII კლასი;
11. თეა კოჩალიძე, საბა ბალახაძე, ეკატერინე მარგალიტაძე, გიორგი ხუციშვილი, გიორგი შავიძე, ავთანდილ ხოსრუაშვილი, ელენე დავითაშვილი, თამარ მეფის სახელობის გიმნაზია, IX კლასი;
12. რუსუდან კიკვიძე, ქ. თბილისის N 122-ე საჯარო სკოლა, IX კლასი;
13. ანი სარაშვილი, ქ. თბილისის N 122-ე საჯარო სკოლა, IX კლასი;
14. ელენე ქოიავა, ქ. თბილისის N 122-ე საჯარო სკოლა, IX კლასი;
15. ლიზი ცერცვაძე, ქ. თბილისის N 122-ე საჯარო სკოლა, IX კლასი;
16. ანანო ზარქუა, ქ. თბილისის N 212-ე საჯარო სკოლა, X კლასი;
17. მარიტა გოგესაშვილი, მარიამ იზორია, თაკო ბუთხუძე, ქ. თბილისის N 171-ე საჯარო სკოლა, X კლასი;
18. მარიამ წოწკოლაური, ქ. თბილისის N 122-ე საჯარო სკოლა, X კლასი;
19. მარიამ ბედოშვილი, ქ. თბილისის N 190-ე საჯარო სკოლა, X კლასი;
20. ანასტასია ცინცაძე, ელისაბედ ჯანელიძე, ქ. თბილისის N 52-ე საჯარო სკოლა, X კლასი.

✔️ კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 24 მაისს, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში.

👇 ნაშრომების პრეზენტაციის განრიგი:

13:00 – 15:00 საათი: V-VI-VII-VIII კლასის მოსწავლეები.
16:00 – 18:00 საათი: IX-X კლასის მოსწავლეები.

🟢 ნაშრომის პრეზენტაცია (II ტური)

1. პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო მკაცრად შეზღუდულია და შეადგენს 5-7 წუთს;
2. პრეზენტაცია მომზადებული უნდა იყოს Power Point-ში ან რომელიმე მსგავს პროგრამაში (Google slides, Canva და სხვ.).

🟢 ნაშრომის (პრეზენტაციის) შეფასების კრიტერიუმები:

შეფასების მაქსიმალური ქულა – 20.

1. მოხსენება ლაკონიურია – 5-7 წთ (მაქსიმუმ 5 ქულა);
2. კარგადაა გადმოცემული ნაშრომის არსი (მაქსიმუმ 5 ქულა);
3. მონაწილე ამომწურავად პასუხობს დასმულ შეკითხვებს (მაქსიმუმ 5 ქულა);
4. ნაშრომის პრეზენტაციისას გამოყენებულია ვიზუალური გადმოცემის სხვადასხვა ხერხი: სქემები, ფოტოები, ნახატები (მაქსიმუმ 5 ქულა).

💚 გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრს:

📲 595 90 67 90
📩 [email protected]

⚠️ თბილისის ზოოპარკის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!✅ სააღდგომო დღესასწაულებთა...
29/04/2024

⚠️ თბილისის ზოოპარკის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

✅ სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით ნაშრომების მიღების ვადამ 13 მაისამდე გადაიწია (5 მაისის ნაცვლად).

✅ II ტურში გადასულ მოსწავლეთა სია 17 მაისს გამოქვეყნდება (13 მაისის ნაცვლად).

✅ კონფერენციის ჩატარების თარიღები იგივეა: 22, 23, 24 მაისი.

❤️ გისურვებთ წარმატებას!

🟢 მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“

🔴 საქართველოს სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა საყურადღებოდ!

2024 წლის 22-24 მაისს, ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკში გაიმართება მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“.

კონფერენციის მიზანია:
• ადამიანსა და ცოცხალ ბუნებას შორის ჰარმონიული თანაარსებობის ჩამოყალიბება.

კონფერენციის ამოცანები:
• მოზარდთა ეკოლოგიური და კონსერვაციული ცნობიერების ამაღლება;
• მოზარდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება;
• ბუნების დამცველთა ახალი თაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
• სამოქალაქო მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია.

2024 წლის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის თემა:

ჩემი ეკოსისტემა

ბიომრავალფეროვნება დედამიწაზე სიცოცხლის საფუძველია. ბიომრავალფეროვნების გარეშე არ იქნებოდა ჰაერი სუნთქვისთვის, საკვები - შიმშილის დასაოკებლად, წყალი - წყურვილის მოსაკლავად. არ იქნებოდა ადამიანი.

დედამიწაზე აღწერილია 2 მილიონზე მეტი სახეობა და მეცნიერების ვარაუდით რეალური რიცხვი 8 მილიონს აღემატება. ამ მონაცემებთან მუშაობა და მათი დახარისხება ერთობ შრომატევადი პროცესია, მით უმეტეს, რომ მეცნიერული რესურსი მცირეა. საზოგადოების ჩართულობა გაცილებით დააჩქარებს ამ პროცესს და საქმეს გაუადვილებს მეცნიერებს. ამიტომ ჩნდება მოხალისე მეცნიერების საჭიროება - ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად პროფესიისა და ასაკისა, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მეცნიერებაში და გახდეს სამოქალაქო მეცნიერი.

კავკასია მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების 36 ცხელ წერტილს შორის ერთ-ერთია. იგი გამოირჩევა მაღალი ენდემურობითა და ეკოსისტემის განსაკუთრებული მოწყვლადობით. ამასთან ერთად, რეგიონი შედარებით შეუსწავლელია, რაც კიდევ უფრო ზრდის სამოქალაქო მეცნიერების საჭიროებას.

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, თავად გახდნენ სამოქალაქო მეცნიერები.

რა ევალებათ მონაწილეებს?
• აირჩიონ და შეისწავლონ ადგილი (თქვენ მიერ შერჩეული ადგილი შეიძლება იყოს სახლთან/სკოლასთან ახლოს მდებარე მწვანე ზონა ან ქალაქის სკვერების/პარკების ტერიტორია);
• iNaturalist-ისა და Seek-ის მეშვეობით, შერჩეულ ადგილას დააფიქსირონ რაც შეიძლება მეტი სახეობა;
• აღწერონ ეკოსისტემა შეგროვებული მონაცემების საფუძველზე.

კონფერენციის წლევანდელი თემა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს:
• შეისწავლონ ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება და აღწერონ ეკოსისტემა;
• დაეუფლონ ბიოლოგიური მონაცემების შეგროვების თანამედროვე მეთოდებს;
• დაეხმარონ მეცნიერებს, შეიტანონ წვლილი გლობალური ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზისთვის - Global Biodiversity Information Facility (GBIF) - ინფორმაციის შეგროვებაში და გახდნენ სამოქალაქო მეცნიერები;
• თავიანთი დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობისა და მოძიებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეისწავლონ ქალაქის/სოფლის ბიომრავალფეროვნება (ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები) - გავრცელების არეალი, ქცევის თავისებურებები, პოპულაციისა და ჰაბიტატის მდგომარეობა, ეკოლოგიური მნიშვნელობა, ადამიანის საქმიანობით გამოწვეული პრობლემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• შექმნან მონაცემთა ბაზა თავიანთი ქალაქის/სოფლის ბიომრავალფეროვნების შესახებ და გამოიყენონ შემდგომში თანამოქალაქეებისთვის გასაცნობად.

ამგვარი მიდგომა დაეხმარება:

სკოლის მოსწავლეებს:
• ბუნებაში მიმდინარე პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევასა და რეალისტურ შეფასებაში;
• კრიტიკული აზროვნების განვითარებაში;
• საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციისა და ბუნებაში ქცევის ჩამოყალიბებაში;
• სამეცნიერო კვლევის პროცესის (მიზნებისა და მეთოდების) გაცნობაში.

პედაგოგებს:
• შექმნან ხელმისაწვდომი „ცოცხალი ბუნების ლაბორატორია“ სკოლასთან ახლოს მდებარე მწვანე ზონებში;
• აამაღლონ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების დონე ბუნებაში ქცევის წესებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებით;
• შეიტანონ წვლილი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში;
• მოიპოვონ მასალა კომპლექსური დავალებების შესასრულებლად.

მშობლებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას:
• ბავშვებთან ერთად დააკვირდნენ ბუნებას, იზრუნონ ურბანულ სივრცეში მწვანე ზონების შენარჩუნებაზე საკუთარი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ V-XII კლასის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) მოსწავლეებს.

კონფერენცია შედგება 2 ტურისგან. I ტურში მონაწილე წარმოადგენს Word-ის ფაილში შესრულებულ რეფერატს. II ტურში გადასვლის შემთხვევაში მონაწილე ნაშრომს ჟიურის წინაშე წარადგენს.

რეფერატის წარდგენის პირობები

(I ტური)

1. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შინაარსი უნდა პასუხობდეს კონფერენციის თემას;
2. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 A4 ზომის ნაბეჭდ გვერდს (ფოტოებისა და სხვა ილუსტრაციების ჩათვლით). შრიფტი: Sylfaen, შრიფტის ზომა: 12;
3. ნაშრომი უნდა მოიცავდეს საკვლევი ტერიტორიის ეკოსისტემის აღწერას:

3.1. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის:
• ადგილის ფოტო;
• ხე-მცენარეების ფოტოები, მათი იდენტიფიკაცია უფროსებისა და iNaturalist-ის და Seek-ის საიტების დახმარებით;
• შესაძლებლობის ფარგლებში, ნანახი ცხოველების (მწერებისა თუ ობობების, ფრინველების, ძუძუმწოვრების, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების) ჩამონათვალი;
• მარტივი კვებითი ურთიერთობების მაგალითები შესასწავლი ეკოსისტემიდან;
• კონკრეტული ეკოსისტემის არსებობისა და შენარჩუნების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

3.2. საბაზისო საფეხურის მოსწავლეებისთვის:
• შერჩეული საკვლევი ტერიტორიის (ჰაბიტატი) აღწერა და ფოტო;
• ნანახი ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალი;
• ნანახი ცოცხალი ორგანიზმების კლასიფიკაცია კვებითი თავისებურებების მიხედვით (ბალახისმჭამელი, მტაცებელი, ნაირმჭამელი, ავტოტროფი, ჰეტეროტროფი);
• კვებითი ჯაჭვები ნანახ ცოცხალ ორგანიზმებს შორის;
• ინფორმაცია ნანახ სახეობებზე და მათ როლზე ეკოსისტემაში;
• კონკრეტული ეკოსისტემის შენარჩუნების მნიშვნელობა ჯანსაღი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
• გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.

3.3. საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის:
• ადგილის ფოტო;
• ადგილის რუკის ფოტო (Google maps, Google earth);
• საკვლევი ტერიტორიის (ჰაბიტატი) აღწერა;
• ნანახი სახეობების ჩამონათვალი და ფოტოები (ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები);
• ინფორმაცია ნანახ სახეობებზე და მათ როლზე ეკოსისტემაში;
• ნანახი სახეობების ფუნქციურ ჯგუფებად დაყოფა:
1. ურთიერთკავშირების დადგენა ნანახ ცოცხალ ორგანიზმებს შორის (მუტუალიზმი, მტაცებლობა, პარაზიტიზმი, კონკურენცია, ნეიტრალიზმი, კომენსალიზმი);
2. კვებითი ურთიერთობები ნანახ სახეობებს შორის (კვებითი ჯაჭვები და/ან ქსელები);
• კონკრეტული ეკოსისტემის შენარჩუნების მნიშვნელობა გარემოს მდგრადობისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
• გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.

4. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით ([email protected]).

ნაშრომის პრეზენტაცია

(II ტური)

1. პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო მკაცრად შეზღუდულია და შეადგენს 5-7 წუთს;
2. პრეზენტაცია მომზადებული უნდა იყოს Power Point-ში ან რომელიმე მსგავს პროგრამაში (Google slides, Canva და სხვ.).

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები

1. რეფერატი: გაანალიზებულია არჩეული ტერიტორიის ეკოსისტემა, ნაშრომი მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ელემენტს (ნაშრომის წარდგენის პირობები: N3), ეს ელემენტები გამართულად და სწორადაა დაწერილი, გამოყენებული ლიტერატურა სანდოა. მაქსიმუმ 10 ქულა;
2. პრეზენტაცია: მოხსენება ლაკონურია (5-7 წთ), კარგადაა გადმოცემული ნაშრომის არსი, მონაწილე ამომწურავად პასუხობს დასმულ შეკითხვებს, ნაშრომის პრეზენტაციისას გამოყენებულია ვიზუალური გადმოცემის სხვადასხვა ხერხი (სქემები, ფოტოები, ნახატები). მაქსიმუმ 5 ქულა.

საორგანიზაციო ნაწილი

1. საინფორმაციო შეხვედრა კონფერენციის თემატიკასა და შესრულების დეტალების შესახებ გაიმართება 2024 წლის 19-დან 23 თებერვლამდე Zoom-ის პლატფორმის საშუალებით (ზუსტი თარიღები გამოქვეყნდება თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდზე);
2. რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 1 მარტიდან 30 მარტამდე თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდზე მოცემული ბმულის საშუალებით. რეგისტრაციისას მითითებული უნდა იქნას მოსწავლის სახელი, გვარი, კლასი, სკოლა და საკონტაქტო ინფორმაცია;
3. რეფერატების გამოგზავნის ბოლო ვადაა 13 მაისი ([email protected]);
4. 17 მაისს თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდზე გამოქვეყნდება II ტურში გადასულების სია და პრეზენტაციების წარდგენის განრიგი;
5. კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 22-24 მაისს თბილისის ზოოპარკის საგანამანათლებლო ცენტრში;
6. დაჯილდოება გაიმართება 1 ივნისს 14:00 საათზე.

II ტურში გადასული მოსწავლეების ნაშრომების პრეზენტაციის განრიგი

22 მაისი, 14:00 საათი: V-VI კლასის მოსწავლეები.
23 მაისი, 14:00 საათი: VII-VIII კლასის მოსწავლეები.
24 მაისი, 14:00 საათი: IX-XII კლასის მოსწავლეები.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 1 ივნისს, 14:00 საათზე.

კონფერენციის II ტურში გადასულ მონაწილეებს გადაეცემათ სიგელი ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან I, II და III ხარისხის დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

დიპლომები გადაეცემათ გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებსაც.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრს.

ტელ.: 595 90 67 90
ელფოსტა: [email protected]

👇 კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ მოცემულ ბმულს:

https://forms.gle/jHe8GuaxgqJuQXDc8

Address

64 Kostava Street
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 10:00 - 20:00

Telephone

+995322213050

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo:

Videos

Share

Category