07/03/2024
გამარჯობა მე რექსი ვარ
( ნამდვილი ამბავი)
ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა..ქუჩაში მივდიოდი, ეს უცხო თვალისთვის , თორემ სინამდვილეში მივიპარებოდი ცხვირი დაბლა დაწეული, თვალებით მაღლა ვიყურებოდი, ყურებს აქეთ-იქით ვატრიალებდი რომ ზურგიდან ძაღლი არ წამომწეოდა მე ხომ იმათ ტერიტორიაზე ვიყავი. ეს კი უამრავი ბასრი კბილის, ბრჭყალების და ზურგში მოყოლებული ქვების ფასად დამიჯდებოდა. ჰო, ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ შიმშილი უფრო დიდი იყო.. საშიში.. მით უმეტეს თუ ერთი დღის მშიერი კი არ ხარ, გამუდმებით გშია. მაძღრად ბოლოს როდის ვჭამე აღარცკი მახსოვს. მუდმივი შიმშილი კი მუდმივად ძებნას გაიძულებს. ეძებ ყველაფერს რაც ოდნავ მაინც შეგივსებს მუცელს. კიდევ კარგი სიცივე არაა, დასაძინებელი ადგილი ყველგან მოინახება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ძაღლებს არ გადავაწყდე..ასეთ ფიქრებში გართული და ჩემი თავით კმაყოფილი რომ ასე ყოჩაღად გავძვერი რამდენიმე კვარტალი. კიდევ ერთი რამ გამომრჩა, თუმცა გვიანი იყო .
არ გამიგია როგორ წამომეწია ზურგიდან მანქანა. ჯერ მგონი ხმა იყო- დიდი, ბრაგუნის ხმა, თავდაპირველად გულისცემა ყურებში გავიგონე ვერც კი გავიგე რა მოხდა. თუმცა მერე ტკივილი, ენით აუწერელი ტკივილი, რომელიც ყველგან ცხვირიდან დაწყებული კუდის ბოლომდე ვიგრძენი, თითქოს მთელ ტანზე უამრავი ძაღლის ბასრი, ალესილი კბილები დამესო. ვიკივლე, ვიკივლე ისეთი ხმით, რომ გული გამეგლიჯებოდა მეგონა. ცრემლები გაუჩერებლად ღაპაღუპით მცვიოდა თვალებიდან..უკანა ფეხებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი მგონი შუაზე გავწყდი. ტკივილმა თავი წელთან, შუაში მოიყარა. კუდს და უკანა ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი, თუმცა შიში კიდევ უფრო ძლიერი იყო რისიღა მეშინოდა აღარც კი ვიცოდი. წინა თათებზე დავეყრდენი მთელი ძალით გადავათრიე ნახევრად უგრძნობი სხეული. მანქანა არც კი შეჩერებულა. მხოლოდ ოდნავ შეანელა სვლა. შორს წასვლა ვერ შევძელი, იქვე ბალახში ჩავწექი. გაუჩერებლად ვტიროდი, მეგონა ვკვდებოდი. ხალხი, რომელიც მანამდე საერთოდ ვერც კი მამჩნევდა ეხლა შემომეხვია გარშემო და გაუთავებლად ლაპარაკობდნენ..მერე ახლოს სხვა მანქანა გაჩერდა, იქიდან ვიღაც კაცი გადმოხტა, ხალხი მისწი მოსწია, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან . ხელებს იქნევდა ხმამაღლა ლაპარაკობდა. სხვა დროს მოვიკუნტებოდი და ვეცდებოდი ამეცილებინა ზურგში მიყოლებული წიხლი, მაგრამ ძალიან მტკიოდა, დარტყმას ალბად ვერც კი ვიგრძნობდი. კაცმა ხელი ფრთხილად ამომდო მუცლის ქვეშ, მეორე ხელით თავი წამომიწია და მანქანაში ჩამაწვინა, ჩვეულებრივ ცოტას წავიღრენდი, გავაფრთხილებდი, მაგრამ ახლა შიშით გათანგული ვიწექი ვერ გამეგო რა მელოდა. კაცი სარკიდან თვალს მადევნებდა თან ტელეფონზე ლაპარაკობდა. ვერ ვხვდებოდი რას, მაგრამ ცუდს არაფერს,მისი ხმით ვხვდებოდი.
დიდ შენობასთან მივედით , რომელიღაც ოთახში შემიყვანა, გაყინულ მაგიდაზე დამაწვინეს, რამოდენიმე ნემსი გამიკეთეს, მერე ისევ ხელში ამიყვანეს და მანქანაში ჩამსვეს. ჩაჯდომა არ მინდოდა, ჯერ ერთი ტკივილმა საგრძნობლად მოიკლო, მეორეც მეშინოდა ამ მანქანის გამო იყო ასეთ დღეში რომ ვიყავი, მაგრამ ფეხებს ისევ ვერ ვგრძნობდი და რა უნდა მექნა... ბევრი ვიარეთ მანქანით კაცი ისევ ტელეფონით გაუჩერებლად ლაპარაკობდა, რაღაც დროის შემდეგ სხვა გრძელ სახლთან გავჩერდით.. უზარმაზარი ეზოთი ძაღლების გაუთავებელი ყეფის ხმა ისმოდა, მერე გავიგე თავშესაფარი ყოფილა.
კაცი მანქანიდან გადავიდა რაღაც მითხრა და კარები ისე მომიხურა ვითომ სადმე წავიდოდი?! ვიცდიდი...რაღაცის მოლოდინი მქონდა, თუმცა კარგი არაფრის. მერე რამდენიმე ადამიანი მოვიდა ერთმანეთში საუბრობდნენ. მივხვდი ჩაყვანას მიპირებდნენ .არ მინდოდა, კარგ კაცთან მინდოდა დარჩენა, მე არც მას ვიცნობდი, მაგრამ რატომღაც მასთან თავს მშვიდად ვგრძნობდი, ძალა მოვიკრიბე კბილები გამოვაჩინე ,დავიღრინე , ეს იყო ყველაფერი რაც შემეძლო. არ გაჭრა, არავის შეშინებია. ჩამიყვანეს და ოთახში დამაწვინეს ირგვლივ შარდის, სიბინძურის, შიშის და უიმედობის სუნი იდგა..ნემსი გამიკეთეს რამდენიმე, კაცი ახლა მე მელაპარაკებოდა, სადღაც შორიდან მესმოდა მისი ხმა ...გულმა მითხრა მემშვიდობებოდა, არ მინდოდა რომ წასულიყო, ამ მარტოხელა სამყაროში არასდროს არავის უზრუნია ჩემზე, წინათ დიდად არ ვდარდობდი ამაზე, მაგრამ ახლა არა, მინდოდა ჩემთან ყოფილიყო თუნდაც მხოლოდ მისი ხმა მესმინა, ამ ოხერი კუდის გაქანება მაინც შემძლებოდა იქნებ ასე მიმხვდარიყო რომ მასთან ყოფნა მინდოდა, მაგრამ ვერაფერი ვქენი...
იმ ღამეს მარტოს მეძინა ჩაკეტილ ოთახში. რამდენ ხანს არ ვიცი და პირველად მაშინ ვინატრე, კარგი იქნებოდა მანქანას ისე გადაევლო რომ მოვმკვდრიყავი
ბევრი ვიტირე, ჭამა არ შემეძლო. ძალა მქონდა გამოლეული, საჭმელი ჯამით წინ მედგა..ვერასდროს ვიფიქრებდი ამდენ საჭმელს ვნახავდი და არ მომინდებოდა ჭამა. ტკივილთან ერთად ვიღვიძებდი დავიძინებდი, თუ წამალს დავლევდი აღარ მტკიოდა, დღეები ასე გადიოდა, მერე ნაცნობი ხმა გავიგონე უკვე ათას ხმაში გამოვარჩევდი...მინდოდა მასაც გაეგონა და რაც ძალი და ღონე მქონდა, თითქოს ამაზე იყო ჩემი სიცოცხლე დამოკიდებული ყეფა დავიწყე, კაცი მოვიდა თავზე ხელი გადამისვა, მომეფერა საჭმელი მომიტანა. მომვლელებს ელაპარაკა და წავიდა. საბოლოოდ მნახა და დამემშვიდობა...არ ვიცი რა ვიგრძენი ბევრი ტკივილი მიგრძვნია ქუჩაში. ხან ქვას მესროდნენ თუ საჭმელს წავეპარებოდი, ხან პანღურს მომაყოლებდნენ, თუმცა უმეტესად მარჯვედ ვიცილებდი. ზოგჯერ ეზოს ძაღლები გამკრავდნენ კბილებს, თუმცა ის დღეები ტკბილ მოგონებად გადაიქცა ამასთან შედარებით.
კიდევ ბევრი დღე გავიდა.. და ისევ გამოჩნდა კარგი კაცი ლამაზ ქალთან ერთად. მოვიდა ჩემთან და მომეფერა, ისევ ვცადე კუდის გაქანება მეტი არც არაფერი შემეძლო, გამიხარდა მისი დანახვა ,თითქოს ერთადერთი პატარა ძაფი იყო იმ ძველ, წინა ცხოვრებასთან. მაშინ პირველად ვნახე კაცი ასე ძალიან გაბრაზებული ..მეგონა ჩემზე ბრაზობდა, კიდევ უფრო გაბრაზდა ქეჩოზე და გავაზე ხელმოკიდებული რომ გამომაპწიალეს ოთახიდან..მომვლელი ვერ მიხვდა კაცი ასე რამ გაამწარა და მეც ვერ მივხვდი, იმიტომ, რომ ჩვენ სულ ასე გვათრევდნენ.
უკან ჩამსვეს იმ საშინელ მანქანაში, ქალი თავზე ხელს მისვამდა და რაღაცას გაუთავებლად მეუბნებოდა, საკვირველია თუმცა ვერაფერს ვხვდებოდი მაგრამ მაინც მომწომდა მგონი ისე ძალიან არც კი მტკიოდა. ან კიდევ შევეჩვიე...
კაცმა თავისი სახლის ეზოში ფარეხში მიმიჩინა ადგილი. მუყაოს ყუთებზე ლეიბი დამიფინა და საწოლი მომიწყო, პირველად ცხოვრებაში საწოლი მქონდა არაფრის შემშინებოდა და იმდენი ხანი დამეძინა რამდენიც მომესურვებოდა. ზევიდანაც გადამაფარეს ბეწვები საერთოდ აღარ მქონდა გვერდებზე. თავშესაფრიდან ჩირქის და შარდის სუნი წამომყვა, არც კი ვიცოდი, ის უკვე ჩემი სუნი გამხდარიყო.
ლამაზმა ქალმა წამლები წამისვა ნაწოლებზე, კეთილმა კაცმა თავისი ხელით მაჭამა და დამალევინა წყალი, და მგონი ცხოვრებაში პირველად მეძინა მაძღრად და თბილად, რაც ყველაზე მთავარია მშვიდად.
კაცს დღეში რამდენიმეჯერ ხელში აყვანილს გარეთ გავყავდი ძაღლური საქმეების მოსათავებლად და ბალახების სანახავად, ვხედავდი რა სახით მიყურებდნენ სხვები, ზოგიერთს ვეცოდებოდი კიდეც , ეს თავშესაფარის სუნიც არაფრით მცილდებოდა...მერე ექიმთან მიმიყვანეს, ექიმს უთქვამს ფეხები მოვჭრათ, და პროთეზი გავუკეთოთ ან ბორბლებიო...
ისევ ვნახე კარგი კაცი გაბრაზებული..მე გახარებული ვიყავი რომ არ დაუჯერა
დრო გავიდა..ნელ-ნელა ფეხებში გრძნობა მომივიდა, კაცს ისე უხაროდა რომ რაც შემეძლო ვცდილობდი და ისე მოხდა კუდიც გავაქანე .
ერთ დღეს, ეზოდან ფარეხის ნაცვლად ხელში აყვანილი სადარაზოში შემიყვანა, ავფართხალდი ვიფიქრე სახლი, რომელიც ძლივს მეღირსა ისევ დავკარგე, ალბათ აღარ ვჭირდები მეთქი ,კაცს მაგრად ვეჭირე და მესამე სართულზე ხელით ამიყვანა, მივხვდი ცუდს არაფერს მიპირებდა.დიდ ლამაზ და ნათელ ოთახში შემიყვანა. თურმე ლამაზი ქალიც იქ ცხოვრობდა, კიდევ ორი ბიჭი და ერთი დიდი, მახინჯი კატა..ყველაფერი ეს ისეთი მოულოდნელი იყო რომ სიხარულისგან ჩავიფსი..გამომრჩა მეთქვა, ასე მემართება თუ მეშინია ან მიხარია..მეგონა მომხვდებოდა ამის გამო , კაი გვარიანი გუბე დავაყენე, ლამაზმა ქალმა თავზე ხელი გადამისვა და მშვიდად მოწმინდა.
დღეში რამოდენიმეჯერ კარგ კაცს ხელში აყვანილი დაბლა ჩავყავდი,და ჩემთან ერთად დადიოდა. ადამიანები ამას სეირნობას ეძახიან
როგორც მივხვდი თურმე აქამდე სულ ვსეირნობდი და ვსეირნობდი!
მერე ისეთ ადგილას წამიყვანა მანქანით, ზღვა რომ მოჩანდა,ახლოდან ეს ადგილები არასდროს მინახავს როცა სიარული თავისუფლად შემეძლო აქ სხვა ძაღლების შიშით ახლოსაც ვერ გავივლიდი, რომ დავეჭირე შავ დღეს მაწევდნენ, ძალიან გამიკვირდა, ვიფიქრე როგორ გავაგებინოთქო, თუმცა მალე მივხვდი ვერაფერს დამაკლებდნენ. ადამიანთან, პატრონთან ვიყავი და ძალიან ამაყად გავყევი გვერდით. მერე კაცმა ტელეფონი ამოიღო მითხრა წადიო . გავშეშდი, ეს ყველაზე საშინელი სიტყვაა რომელის მნიშვნელობაც ერთ ერთი პირველი ვისწავლე, და ზუსტად ვიცოდი მისი მნიშვნელობა, იმდენჯერ მომისმენია სიცოცხლის განმავლობაში.ისიც ვიცოდი თუ არ შეასრულებ ძალიან ვინანებდი , ვიცოდი, მაგრამ არ დავიჯერე, ფეხი ვერ მოვიცვალე; უფრო მკაცრად გამიმეორა წადი! გული საშინლად მეტკინა „მაგდებს“ გავიფიქრე და მეორედ მაშინ ვინატრე სიკვდილი, ნეტავი მანქანას მაშინვე მოვეკალი..მათ გარეშე როგორ ვიცოცხლო?! არ ვიცოდი რა იყო სიყვარული, მეგონა პურს თუ დაგიგდებენ და არ ამოგცხებენ ფეხს ეგაა , მაგრამ მერე მივხვდი:
სიყვარულია-როცა რამე გტკივა და ის შენთან ერთად ზის დარდობს და გპატრონობს, თავზე ხელს გისვამს რაღაცას გეუბნება ,ვერაფერს ხვდები, მაგრამ ხმა აქვს ისეთ ტკივილს გიამებს. სიყვარულია, როცა არ გცემს და გიცავს , გშია და საჭმელზე ზრუნავს, გაჭმევს იმას კი არა რაც აქვს , არამედ რაც გიყვარს.. და ახლა როცა ეს ყველაფერი გავიგე და შევიგრძენი უამისოდ როგორ გავძლო? ლამაზმა ქალმა ისეთი თბილი სვიტერი მომიქსოვა გვერდები თბილად რომ მქონოდა ახლა მეუბნება წადიო.. იქნებ ფარეხში მაინც დამტოვოს ..ნეტავ როდის გავაბრაზე? მივბრუნდი თავი დავხარე და ვიფიქრე სად შეიძლებოდა დავმალულიყავი, იქნებ გამიმართლოს და აქაურმა ძაღლებმა ვერ შემნიშნონ , თორემ გაქცევაც კი არ შემიძლია
მერე, ხმა გავიგონე კაცის , რომელიც ლამის ტირილს გავდა, თურმე მხოლოდ სურათის გადაღება უნდოდა, შემხედა თვალებში და დაინახა შიში, იმედგაცრუება და განშორების ტკივილი , მე შევხედე თვალებში დავინახე უზომო ერთგულება და სიყვარული.. იმისთვის რომ უნებლიედ ასე შემაშინა უსიტყვოდ მომეხვია და ჩუმად მითხრა:
-გვეყო სეირნობა, სახლში წავიდეთ!
სახლში , ჩემს კუთხეში რბილი საწოლი, საჭმელი და წყალი
დამხვდა, ყოველ დღე ლამაზი ქალი იჯდა და ფეხზე მეფერებოდა , თურმე ამას მასაჟი ქვია ამიტომ კიდევ უფრო უკეთ დავდგი ფეხი, ერთად მოიფიქრეს და რაღაც რეზინი დამიმაგრეს თითებზე და ნაბიჯის გადადგმაც შევძელი ჩემით, ამან ყველა ისე გაახარა ტაშს უკრავდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ მეც მეფერებოდნენ და თუმცა ცოტა გამეპარა კიდეც მაგრამ მაინც ძალიან ამაყი ვიყავი. სიხარულისგან ისეთი მახინჯიც არ მეჩვენება კატა...
მერე ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა რაღაც ხე დადგეს სახლში ზედ ბრჭყვიალა ბურთები დაკიდეს, ჩემთვის საერთოდ არ ჰქონდა ამას რამე მნიშვნელობა თუმცა კატას ერთი სული ჰქონდა ბურთები ძირს დაეყარა და მე დიდი ამბით ვდარაჯობდი, სახლში ფაციფუცი გაქონდათ ახალი წელი მოდისო, მეც ერთი ამბით ველოდი სტუმრის მოსვლას, დიდი სუფრა გაიშალა ნაძვის ხის ძირი საჩუქრებით აივსო, და კატას მოსვენება დააკარგვინა, რაღაცა დროის შემდეგ ყველა ერთხმად აყვირდა მოვიდა! ახალი წელი მოვიდა! ატყდა სროლები და რასაც ასე ველოდი ყველაზე მეტად რომ მძულს და მეშინია ის ყოფილა.. ახალი წელი! სროლების შიშით გულგახეთქილები საწოლის ქვეშ შევცვივდით მე და კატა, სიცილით და ჟრიამულით გამოგვაძვრინეს, დიდი ხორციანი ძვალიც დამიდეს ჯამში.
გვიან ღამით ყველას რომ ეძინა და მარტო დავრჩი პირველად ვიფიქრე რა კარგია იმ მანქანამ რომ არ მომკლა! თორემ ხომ ვერ ვიპოვიდი ოჯახს
და ბოლოს აქამდე მხოლოდ ძაღლი ვიყავი ახლა უკვე მე რექსი ვარ!